logo
ENG



იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

04 მარ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსი საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდგინდა, ის იტალიაში ცხოვრობს და ამჟამად მკურნალობას რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

უცვლელია ქვეყნის შიგნით ინფიცირებულთა რიცხვი. კარანტინსა და თვითიზოლაციში 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, მთავრობის აქტით მათ სამსახურში გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაეთვლებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები, სამსახურში არ დაუშვან, თუ ისინი თვითიზოლაციას არ მიმართავენ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაძლო შემთხვევათა რაოდენობამ კი 239 შეადგინა. კორონავირუსით დაავადებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დღეს ლუგარის ცენტრში 21 ნიმუში გაიგზავნა, მათ შორის 5 იმერეთიდან. ქუთაისში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 16 სინჯის ტესტირება მიმდინარეობს, დღის მეორე ნახევარში აიღეს დამატებით 8 ნიმუში, რომელზე პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ახალი კორონავირუსის გამო, დროებით შეწყვეტილია სწავლა, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში, სადაც დეზინფექცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდებს, რომ თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, მოქალაქეებს კი ურჩევენ, თუ არ აქვთ გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი.


close დახურვა